ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან (ისტ) დაკავშირებული კომპეტენციების სტანდარტი შეიქმნა ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების და თანამედროვე ეპოქის საჭიროებებიდან, მიზნებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე. იგი ეფუძნება სასწავლო პროცესში ისტ - ის ადგილისა და მისი გამოყენების შესახებ თანამედროვე და საყოველთაოდ გაზიარებულ შეხედულებებს აგრეთვე იმ საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც არსებობს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ დოკუმენტით განსაზღვრულ მოთხოვნებმა უნდა უზრუნველყოს, არა მარტო ისტ - ის ეროვნული სასწავლო გეგმის რეალიზაცია, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ხელი უნდა შეუწყოს საგნობრივი ეროვნული სასწავლო გეგმების სრულყოფილ რეალიზაციას, სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
მზარდი კომპლექსურობის მქონე, ინფორმაციით გაჯერებულ და ცოდნაზე ორიენტირებულ საზოგადოებაში წარმატებულად ცხოვრების, სწავლისა და შრომისათვის, მოსწავლეებს და მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება. სასწავლო პროცესში ისტის გამოყენება, ამ პროცესის მონაწილეებს, საშუალებას აძლევს:

· გახდნენ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპეტენტური მომხმარებლები

· განივითარონ ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და შეფასების უნარები

· განივითარონ პრობლემების გადაჭრისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი

· გახდნენ ავტორიზაციის ინსტრუმენტების კომპეტენტური მომხმარებლები

· განივითარონ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი

· შეძლონ საკუთარი პროდუქტის შექმნა და გამოქვეყნება

· შეიტანონ პოზიტიური წვლილი სამოქალაქო საზოგადოებაში, გახდნენ ინფორმირებული და გაცნობიერებული პასუხისმგებლობით აღჭურვილი მოქალაქეები.


მასწავლებლის ისტ კომპეტენციები მოიცავს, ისტ საშუალებების გამოყენების ტექნიკურ და კოგნიტურ უნარებს, ინფორმაციის წვდომის, ინფორმაციის დამუშავების, ელექტრონული ფორმატის მქონე მასალის შექმნის და კომუნიკაციის დროს. ამ უნარების დემონსტრირება ხდება, როდესაც მასწავლებელი გამიზნულად იყენებს ტექნოლოგიებს პრობლემების გადაჭრისას, ინფორმაციის დამუშავების და გაცვლა-გამოცვლის დროს, აგრეთვე ახალი იდეების ჩამოყალიბების, მოდელირების და მოწყობილობების მართვის დროს. ამასთანავე, ისტ კომპეტენციების მქონე მასწავლებელს შეუძლია იმის შეფასება თუ რა წვლილი შეაქვს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში.

ისტ კომპეტენციები არ შემოიფარგლება ტექნიკური უნარებით და ცოდნით, რომლებიც დაკავშირებულია პროგრამული უზრუნველყოფისა და მოწყობილობების გამოყენებასთან, თუმცა ეს ყოველივე ძალზე მნიშვნელოვანია. ისტ კომპეტენციები მოიცავს ისტ საშუალებების ადეკვატურად შერჩევის, შეფასების და გამოყენების უნარს სასწავლო პროცესში. შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელს უნდა შეეძლოს ისტ საშუალებების მოძიება და გამოყენება, უნდა იცოდეს თუ როდის გამოიყენოს ესა თუ ის ისტ საშუალება და უნდა აფასებდეს თუ რაუპირატესობას იძლევა სასწავლო პროცესში ამა თუ იმ ისტ საშუალების გამოყენება.